რუსეთის მიერ სუმზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
„რუსეთის ავიაიერიშის შედეგად მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია 20 დაშავებული, რომელთა ნახევარს მძიმე დაზიანებები აქვს, ნაწილს კი ოპერაციას უტარდება. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მრავალი დაშავებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა“, - განაცხადა სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ გრიგოროვმა.
ოლეჰ გრიგოროვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი არასრულწლოვანია.
„დარტყმის ეპიცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და საავტომობილო გზა აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 13 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნა მან.
სუმის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი კრივოშეენკოს განცხადებით, რუსეთმა სუმზე ექვსი მართვადი საავიაციო ბომბით მასირებული იერიში მიიტანა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ბომბი ზარეჩნის რაიონის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები, სადაც იერიშის დროს ადამიანები იმყოფებოდნენ.