ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე - აბსოლუტურად გამორიცხულია სხვა განზრახვა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, მანქანის ნაწილის გაუმართაობა, - ამის შესახებ თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ "ტვ პირველს" განუცხადა.
"მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანაქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოკელდ დაკავდა", - აცხადებს ადვოკატი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 22 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ ავტომობილს მიაჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. პროკურატურის ცნობით, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.