მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დევნის შეწყვეტაზე არ დაკმაყოფილა.
ასევე, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, გიორგი უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.