უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საფრანგეთში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო მოსაზრებების გაცვლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოსალოდნელი კონტაქტების წინ.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ რუბიოს მიულოცა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება რეგიონულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება რეგიონს უსაფრთხოებას, ხოლო ენერგეტიკულ ბაზრებს სტაბილურობას მოუტანს“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას მან დაადასტურა ვოლოდიმირ ზელენსკის მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებლობას შექმნის აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის გასააქტიურებლად, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებაა.
სიბიჰას თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს სამშვიდობო პროცესის წინსვლის გზები.
„გავუზიარე უკრაინის ხედვა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოოდ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა მან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუბიოს მიაწოდა ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ასევე სხვა სამოქალაქო, კულტურული და ისტორიული ობიექტების.წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ.
სიბიჰას შეფასებით, აღნიშნული თავდასხმები „მიუთითებს, რომ მოსკოვი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ რწმენის, კულტურული მემკვიდრეობისა და უკრაინული იდენტობის წინააღმდეგაც“.
სიბიჰას თქმით, შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის ბოლო წარმატებების შესახებ როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სასანქციო ზეწოლის მიმართულებით.
სიბიჰას განცხადებით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რათა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა გაიზარდოს და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმდეს.
სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ხედავს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას და იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს აქტიურ ლიდერობას რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარების პოლიტიკაში.
„ვხედავთ მზარდ იმპულსს მშვიდობის მისაღწევად ძალის მეშვეობით და ვიმედოვნებთ აშშ-ის გადამწყვეტ ლიდერობასა და ჩართულობას“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, სწორედ დასავლეთის ერთიანი პოზიცია, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება არის ის ფაქტორები, რომლებიც კრემლს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.