ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ყველა სერვისი მიეწოდება.
„ნებისმიერი პაციენტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდება. გარკვეული ფაქტორებიდან, მათ შორის პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რაკი თვითონ აქვს სურვილი, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთს არ არის რაიმე საჭიროება გამოკვეთილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინციდენტს მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
„ამ მსჯელობიდან საერთოდ უნდა გამოვთიშოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სპეკულაციური განცხადებები. ვის, ვის და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება სისტემურ დანაშაულზე ისაუბროს. ამის მორალური უფლება არ აქვთ და ეს საზოგადოებამ, მათმა მომხრეებმაც კი იციან. ამ ინციდენტზე არაერთი შეფასება გაკეთდა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ის, რაც ვნახეთ, მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ყველაფერი ჩადგა იმ კალაპოტში, როგორც ამას მოითხოვს ნამდვილი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი – ნებისმიერ სამართალდარღვევას უნდა მოჰყვებოდეს მყისიერი, ზუსტი, კონკრეტული რეაგირება სამართლებრივი ინსტრუმენტების მეშვეობით. ამას, ბუნებრივია, შეაფასებს გამოძიება, სასამართლოც, გაკეთდება საბოლოო დასკვნები. მთავარია, რომ სწორედ ამ კალაპოტში წარიმართება უკლებლივ ყველა პროცესი“, – განაცხადა სარჯველაძემ.