უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევს 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთისგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია და ასეთი განცხადებები მორიგ მანიპულაციად შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის რუსეთის მცდელობა, თავი მოაწონოს ამერიკელებს და აჩვენოს "კონსტრუქციულობის“ ელემენტი.
„ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს. აჩვენონ „კონსტრუქციულობის რაღაც ელემენტი“. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ დღეისთვის უკრაინულ მხარეს მათგან არანაირი წინადადებები არ მიუღია“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ერთგულია სამშვიდობო ძალისხმევის და მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ომის დასრულებასა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაზე.
სიბიჰას შეფასებით „9 მაისის ზავი“ წარმოადგენს დიპლომატიურ მანევრს და შიდა აუდიტორიაზე გათვლილ პიარის ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია გამარჯვების დღესთან.
„ხოლო ეს ყველა მანიპულაციური ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მერე მათ მიერვე ირღვევა, ვინც დააინიცირა, რუსების მიერ, - ეს უხეში დიპლომატიური მანევრის მცდელობაა. და მეორე - ეს პიარ-აქციაა, რომელიც შიდა აუდიტორიისკენაა მიმართული ამ შავბნელობის აღლუმებით“, - განაცხადა სიბიჰამ.