აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დაწყების წინ ირანის ხელისუფლებას მოულოდნელი მოწოდებით მიმართა.
როგორც აქტივისტ ეიალ იაკობის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებული პოსტიდან გახდა ცნობილი, ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმავს რვა ქალის ჩამოხრჩობას. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ.
დონალდ ტრამპი აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა და ირანის ხელმძღვანელობას მიმართა. მისი შეფასებით, ასეთმა ჰუმანური ნაბიჯის გადადგმამ, ორ ქვეყანას შორის მომავალი ურთიერთობები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს.
„მოვუწოდებ ირანის ლიდერებს, რომლებიც მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს ჩემს წარმომადგენლებთან: ძალიან მადლიერი ვიქნები ამ ქალების გათავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი თქვენს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდებიან. გთხოვთ, ნუ ავნებთ მათ! ეს ჩვენი მოლაპარაკებების შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა!!!“ — წერს ტრამპი Truth Social-ში.