აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, გაახანგრძლივოს ორკვირიანი ზავი ირანთან, თუ მისი ვადის ამოწურვამდე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, სანამ შეთანხმება არ გაფორმდება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
„ცუდი შეთანხმების სწრაფად გაფორმებას არ ვაპირებ. ჩვენ იმდენი დრო გვაქვს, რამდენიც საჭიროა,“ - განაცხადა ტრამპმა.
ზავის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მან 7 აპრილს გამოაცხადა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას გავახანგრძლივებ“. მისი თქმით, ზავის მოქმედების ვადა ოთხშაბათს იწურება.
„ეს ოთხშაბათის საღამოა. ოთხშაბათის საღამო ვაშინგტონის დროით,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნავთობის ფასი გაიზარდა, რადგან აშშ აგრძელებს სრუტის ბლოკირებას, სამხედრო-საზღვაო ძალებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. თუმცა ტრამპმა ხაზგასმით განაცხადა: „მე მას [სრუტეს] არ გავხსნი.“
„მათ სურთ, რომ მე ის გავხსნა. ირანელებს უკიდურესად უნდათ, რომ ის გაიხსნას. მე მას არ გავხსნი,ვიდრე შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
თეირანში განაცხადეს, რომ არ გეგმავენ მონაწილეობას შესაძლო მოლაპარაკებებში, რომელთა მიზანი იქნება შვიდკვირიანი კონფლიქტის ოფიციალურად დასრულების შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ორშაბათს ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან შეხვედრა სამშვიდობო პირობების განსახილველად ყველასთვის მომგებიანი შეიძლება იყოს. მისი თქმით, თავადაც ისურვებდა მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობას, თუმცა ამას აუცილებელად არ მიიჩნევს.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ განახლდება, ტრამპმა უპასუხა: „თუ შეთანხმება არ იქნება, ამას ნამდვილად ველოდები.“
ამავე დროს, აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ირანთან მოლაპარაკებისთვის პაკისტანში ჩადის.