დიდი ბრიტანეთი ქუვეითში თავის Rapid Sentry-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, რათა დაიცვას ბრიტანეთისა და ქუვეითის ინტერესები ყურეში. ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ოფისმა, მას შემდეგ, რაც ირანმა ღამით ქუვეითის ნავთობობიექტზე დრონით თავდასხმა განახორციელა.
დაუნინგ სტრიტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სტარმერმა განლაგების საკითხი პარასკევს დილით ქუვეითის მემკვიდრე პრინც საბაჰ ალ-ხალიდ ალ-საბაჰთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
„პრემიერ-მინისტრმა საუბარი ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ღამით დრონით განხორციელებული უგუნური თავდასხმის დაგმობით დაიწყო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ქუვეითსა და ყველა ჩვენს მოკავშირეს სპარსეთის ყურეში“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ჰორმუზის სრუტის გავლით გლობალური გადაზიდვების შეფერხება და მიესალმნენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრას, რომლის მიზანიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის ხელახლა გახსნის გეგმის შემუშავება იყო.