ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ის რუსეთზე უფრო მეტ ზეწოლას არ ახორციელებს. იტყობინება Axios.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შეახსენა მისი ერთი წლის წინანდელი განცხადება დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როდესაც ამერიკულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, გაეზარდა ზეწოლა მოსკოვზე.
„ერთი წელი გავიდა და რუსეთი არაფერს აკეთებს. როდის ამოგეწურებათ მოთმინება“, - ჰკითხა კალასმა რუბიოს. როგორც გამოცემა წერს, პასუხად მარკო რუბიომ ხმას აუმაღლა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ომის დასასრულებლად. თუ ფიქრობთ, რომ უკეთესად შეგიძლიათ, გააგრძელეთ. ჩვენ გზას დაგითმობთ“.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს კონფლიქტის ორივე მხარესთან მოლაპარაკებას, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - ეხმარება იარაღით, დაზვერვით და სხვა მხარდაჭერით.
შეხვედრის შემდეგ, დისკუსიაში რამდენიმე ევროპელი მინისტრი ჩაერთო და აშშ-ს მოუწოდა, გაეგრძელებინა დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში გაჩაღებული ომის დასასრულებლად.
ორი წყაროს თანახმად, შეხვედრის დასასრულს კალასმა და რუბიომ დაძაბულობის შესამსუბუქებლად ცალკე, მოკლე დიალოგი გამართეს.
დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ, რუბიომ, ჟურნალისტებთან საუბრისას, უარყო აშშ-სა და ევროპას შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება.
"არავინ ყვირის, ხმას არავინ იმაღლებს და არაფერს ნეგატიურს არ ამბობს", - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.