უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან ამერიკელები ირანში ომის გამო ამერიკის ფარგლებს გარეთ შეხვედრებისთვის მზად არ არიან.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკულ მხარესთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენი მომლაპარაკებელთა გუნდი კომუნიკაციას აწარმოებს მეორე მხარესთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ სირთულეებს ვაწყდებით.
ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ამ პროცესში ჩვენ შუამავლები ვართ და არა ომის მხარეები. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ. დიახ, სამმხრივ ფორმატში. სასურველია. მაგრამ ამერიკულ მხარეს ეს მხოლოდ ამერიკაში შეუძლია, რუსეთს კი ყველგან შეუძლია, მაგრამ არა ამერიკაში.
და ახლა, ახლო აღმოსავლეთში ირანთან ომის გამო, ამერიკელები უსაფრთხოების ზომების გამო არ მოდიან [მოლაპარაკებებზე]“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ სწორედ ამერიკული გუნდი არ მიემგზავრება საზღვარგარეთ.
ამავდროულად, უკრაინული მხარე მუშაობს იმაზე, რომ სამმხრივი შეხვედრები ევროპის რომელიმე წერტილში, მაგალითად, თურქეთში ან შვეიცარიაში გაიმართოს.
„ნებისმიერ ადგილას, ახლო აღმოსავლეთში ჩვენ მზად ვართ“, - დასძინა ზელენსკიმ.
თუმცა, როგორც ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ამერიკული მხარისთვის უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვანია, ხოლო რუსული მხარისთვის - ისინი მზად არიან შეხვდნენ თურქეთში ან ევროპაში, მაგრამ არ არიან მზად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის.
მან ასევე დასძინა, რომ შესაძლო შეხვედრის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთიდან უკრაინელი ტყვეების დაბრუნებაში დახმარების საკითხს აყენებს.
„ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობა გვექნება. ეს ადვილი არ არის. წინასწარ საუბარი რთულია, რადგან შესაძლოა შემდეგ ჩაიშალოს. ამიტომ, დეტალები არ ვიცით. ამ საკითხზეც ვმუშაობთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.