პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე. ზუსტად მახსოვს დასახელების გარემოებები. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში არსებობდა დიდი ვნებათაღელვა. იმ ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ის განუცხადა საზოგადოებას. 2017 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, რვა წელზე მეტი გავიდა, მეცხრე წელია და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. დღეს საქართველოში ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დანარჩენი იმ პროცედურით გადასაწყვეტია, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაში არის გაწერილი. გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მონაწილე წევრის ნების მიხედვით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.