აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ აშშ-ს უკრაინისთვის დონბასიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა არ მოუთხოვია. რუბიომ აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საფრანგეთიდან გამგზავრებამდე გააკეთა.
სახელმწიფო მდივანს კითხბა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომ შეერთებული შტატები კიევს უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების არაოკუპირებული ნაწილებიდან უკრაინული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.
რუბიომ განაცხადა, რომ ზელენსკის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ის „იმედგაცრუებული“ იყო ამ განცხადებების მოსმენით.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მე მოვისმინე, როგორ თქვა ეს და სამწუხაროა, რომ მან ეს თქვა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მას სრულიად სხვა რამ უთხრეს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-მა ზელენსკის უთხრა „ცხადია“, რომ უსაფრთხოების გარანტიები ვერ განხორციელდებოდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე.
„რა არის უსაფრთხოების გარანტიები? ეს არის ჯარი, რომელიც მზად არის ჩაერიოს და უზრუნველყონ უსაფრთხოება.
თუ ახლა შეხვალ, ეს ნიშნავს, რომ ომში ერთვები. მას ძალიან ნათლად უთხრეს და მასაც უნდა გაეგო, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ მან ტერიტორიები უნდა დათმოს“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, სავარაუდოდ, უბრალოდ გადასცა რუსეთის მოთხოვნები უკრაინელებს, მაგრამ არ დაუჭირა მხარი კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების საკითხს.
„ჩვენ უკრაინულ მხარეს ვუთხარით, თუ რას მოითხოვენ რუსები. ჩვენ ამას არ ვუჭერთ მხარს... „არჩევანი მათზეა. ჩვენი საქმე არ არის მათ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათთვის, რომ უნდა დათანხმებოდნენ ან უარი ეთქვათ“, - თქვა მან.
რუბიომ დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინას ეკუთვნის, თუმცა თუ კიევი რაიმე გადაწყვეტილებას ან დათმობას არ მიიღებს, ომი გაგრძელდება.
„ჩვენი როლი იყო გაგვერკვია, რა სურდა ორივე მხარეს და ვცდილობდით კომპრომისის პოვნას. საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია.
„თუ მათ არ სურთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ომი გაგრძელდება“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების არაოკუპირებული ნაწილებიდან უკრაინული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.