უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, რომლის დროსაც მათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების, რუსეთზე ზეწოლის საკითხენი, ასევე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ სიბიჰა Х[-ზე წერს.
სიბიჰასა და რუბიოს შეხვედრა საფრანგეთში, დიდი შვიდეულის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
რუბიოსთან შეხვედრის კონტექსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლაში.
„უკრაინის წინადადებები რეალისტური და განხორციელებადია.
რუსეთზე ზეწოლა მოსკოვის ომის დასრულების იძულების მთავარი ფაქტორია“, - აღნიშნა სიბიჰამ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.
„უკრაინის პოზიციაა, რომ მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები ომის გასაგრძელებლად თანამშრომლობენ. და ორივეზე ერთიანი ზეწოლა უნდა მოხდეს.
უკრაინის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ირანული ტერორიზმისგან მათი დაცვის საკითხში გაწეულმა კონკრეტულმა დახმარებამ აჩვენა ჩვენი, როგორც პარტნიორისა და მონაწილის როლი უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტად უნდა დარჩეს.