მიამიტობა იყო იმის დაჯერება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია უკრაინას, ევროპას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების პოზიციები დაახლოვდა ან უკვე თითქმის იდენტურია, დიდი წარმატებაა.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მხრიდან, მნიშვნელოვანი არ არის უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეთანხმება, არამედ მეომარ მხარესთან, კერძოდ, რუსეთთან, სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმება“, - აღნიშნა მან.
პაველი მიიჩნევს, რომ რუსეთს ჯერ არ გამოუვლენია მოლაპარაკებისა და კომპრომისზე წასვლის სურვილი.
მისი თქმით, რუსები კვლავაც დაჟინებით მოითხოვენ თავიანთ მაქსიმალისტურ მიზნებს, კერძოდ, შეზღუდვებს უსაფრთხოების სფეროში და ტერიტორიულ მოთხოვნებს.
„აქ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება - პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რათა ის მოლაპარაკებების დასაწყებად მნიშვნელოვნად ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ისტორია გვასწავლის, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, როდესაც ორივე მხარე შედარებით ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მხარეს ყოველთვის გაუჩნდება კონფლიქტის გაგრძელების სურვილი მისი დასრულების ნაცვლად“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.