უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება მიღწეულია და მხარეები ამ საკითხის განხილვას აგრძელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ბევრი საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე. ამჟამად კი, ამ საკითხზე ზოგადი შეთანხმებაა, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში“, - თქვა მან.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები შეიძლება მოიცავდეს მცირე ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგებას შეერთებული შტატების ლოჯისტიკური მხარდაჭერით.
„უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიებს მხარს დაუჭერს შეერთებული შტატები, თუმცა ადგილზე მხოლოდ ევროპელი ჯარისკაცები იქნებიან“, - განაცხადა რუბიომ.
ის ამტკიცებს, რომ საქმე ქვეყანაში ბრიტანული და ფრანგული ჯარების შესაძლო განლაგებას ეხება.
სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის მექანიზმი ფაქტობრივად ვაშინგტონის მხარდაჭერაზეა დაფუძნებული.
„სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია ამერიკული უსაფრთხოების მექანიზმია. და მე არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა ომისშემდგომ უკრაინაში ჯარები განათავსოს.
უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ამერიკული უსაფრთხოების მექანიზმის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს.
და მიზეზი, რის გამოც ასეთი ძლიერი ამერიკული უსაფრთხოების მექანიზმია აუცილებელი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.