დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში შესანიშნავი პროგრესია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაზე რთული ნაბიჯები ჯერ კიდევ წინ არის.
ამის შესახებ სტარმერმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან.
სტარმერმა ხაზი გაუსვა ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მშვიდობისთვის მხარდამხარ მუშაობის მნიშვნელობას.
„ჩვენ ამ მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯები ჯერ კიდევ წინ არის“, - თქვა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის ვალდებულების განუყოფელი ნაწილი უწოდა.
თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პუტინი „მშვიდობისთვის მზად არ არის“.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საპირისპიროს ვხედავთ. კიდევ უფრო საშინელი თავდასხმები უკრაინაზე, მოქალაქეების მკვლელობა და მილიონობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის გათიშვა ზამთარში“, – თქვა სტარმერმა.