მარტა კოსის განცხადებაში იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი.
„მარტა კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. რამდენადაც ვიცი, კოსი ოფიციალურად ნამყოფი არ არის აქართვფელოში, კერძო ვიზიტით თუ იყო არ ვიცი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, იყო, ჩვენს თავზე რომ გადაგვიფრინა, სომხეთსა და ბაქოში ჩავიდა. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს უფლებას, ამგვარი მორალური პედესტალით, მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, თითქოს ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა, ვატყობ, ეს ყველაფერი არ ჰყოფნის და მაინც აგრძელებენ. ამიტომ, დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ.
ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით. საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს, 2020 წელს, 2024 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმავე რაოდენობის, მილიონ ასი ათასმა ადამიანმა ახლახან, ორი თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას. რას ამბობს მარტა კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან და მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს.
ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით. არცერთ ქართველს არ მიუცია მისთვის არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით, ესაუბრონ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. ასეთი ევროპა არსებობდა, ოღონდ 100, 150, 200 წლის წინ, სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა, მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორი იყო სხვა ხალხების ინტერესები. აქეთ ნუ მიაქანებენ, იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, ნუ დაუბრუნდებიან იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა, თავს უფლებას აძლევდა, სხვა ხალხებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამიტომ, რამდენი განცხადებაც იქნება, კომისარი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაბედავს, ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით – ეს არის წითელი ხაზი. დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის უპატივისმცემლობა. კოსის ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლება ხალხს უსმენს, ნიშნავს, რომ გვაუქმებენ, როგორც დამოუიკიდებელ ქვეყანას, გვაუქმებენ, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, იბრძოლა ამისთვის. ამიტომ, ამის უფლებას არავის მივცემთ და ამ დამოკიდებულებას შეეშვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.