საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა, ეს მათ ხელშია, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, "ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა".
"ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხავავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. და ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა, ეს მათ ხელშია“,- განაცხადა მარტა კოსმა.