აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.
„დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ზომებს იღებს და სანქციებს უწესებს მადუროს მეუღლის, სილია ფლორესის სამ ძმისშვილს, მადუროსთან დაკავშირებულ ბიზნესმენს, და ვენესუელის ნავთობის სექტორში მოქმედ გადაზიდვის ექვს კომპანიას“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ფლორესის ძმისშვილებს შორის, რომლებზეც სანქციები დაწესდა, არიან ეფრაინ ანტონიო კამპო ფლორესი და ფრანკი ფრანსისკო ფლორეს დე ფრეიტასი, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი, ასევე კარლოს ერიკ მალპიკა ფლორესი, მადუროს ადმინისტრაციის ყოფილი თანამდებობის პირი.
სანქციები ასევე დაეკისრა პანამელ ბიზნესმენ რამონ კარეტერო ნაპოლიტანოს, რომლის კომპანიასაც, სავარაუდოდ, მადუროს მთავრობასთან მაღალი ღირებულების კონტრაქტები ჰქონდა დადებული.
სანქციები იმ ზეწოლის ნაწილია, მათ შორის სამხედრო ზეწოლისა, რომელსაც ამერიკული მხარე ვენესუელაზე ახორციელებს.
ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.