სრული აბსურდი, სიცრუეა გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას. ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერება საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია.
„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც განხორციელებულა ამ მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოიკითხება ყველა ადამიანი და აბსოლუტურად ყველაფერს პასუხები გაეცემა“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
შეგახსენევთ, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.