ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "სამშვიდობო გეგმასთან" დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა არის საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობას და უკრაინულ და რუსულ მხარეებთან შეთანხმებას საჭიროებს.
ამის შესახებ რუბიომ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიზანია ამ 28, 26 პუნქტის აღება, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ვერსიას ავირჩევთ, და ფოკუსირება იმ პუნქტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ღიაა. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი გეგმის საბოლოო ვერსია პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ალბათ ყველაზე პროდუქტიული დღე იყო, რაც კი დიდი ხნის განმავლობაში მქონია,“ - აღნიშნა რუბიომ.
რუბიომ გეგმის კონკრეტულ პუნქტებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
„ამ ეტაპზე საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით დეტალებსა და სპეციფიკას არ გავამხელ, რადგან ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ხვალამდე, ზეგამდე. შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შეგვიძლია აქ რაღაცის გაკეთება, რადგან დღეს წინ წავიწიეთ“, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი რუსეთის პოზიციის გაგებით დაიწყო.
„ის, რასაც დღეს მივაღწიეთ, დამატებით მუშაობას და უკრაინულ და რუსულ მხარეებთან შეთანხმებას საჭიროებს. ისინი ამაზე უნდა შეთანხმდნენ, რომ ამან იმუშაოს“, - დასძინა მან.
შეთანხმების ბოლო ვადასთან დაკავშირებით კითხვაზე, რუბიომ უპასუხა: „ბოლო ვადა ასეთია - ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ“.
„დიახ, მსურს, რომ ეს ხუთშაბათისთვის ან უახლოეს მომავალში მოხდეს. თუმცა, დღეს საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს.
„ოპტიმიზმით ვარ აღსავსე. მალე პროგრესს მივაღწევთ — ხუთშაბათს, პარასკევს ან მომავალ კვირას ორშაბათს... უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება“, - დასძინა მან.
კითხვაზე, იყო თუ არა კონსულტაციები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან, რუბიომ უპასუხა: „დიახ, ჩვენ შევხვდით ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს მრავალი ქვეყნიდან.
ჩვენ მათ ავუხსენით, ასევე დეტალების გარეშე, მაგრამ ზოგადად, რა მიმართულებით მივაღწიეთ წარმატებას დღეს, რაზე შევთანხმდით. რაღაც მათგან უკუკავშირს მოითხოვდა, მაგრამ რასაც ვხედავ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორც ამერიკულ, ასევე უკრაინულ მხარეს ბევრი პოზიტიური განწყობა აქვს“, - განაცხადა რუბიომ.