აშშ-მა 180 დღით შეაჩერა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია მითითებული, გარკვეული კატეგორიის ტრანზაქციებისთვის შეჩერებულია რიგი შეზღუდვები, გარდა რუსეთისა და ირანის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაციებისა.
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები ძალაში რჩება.
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მონაცემებით, ამერიკაში წარმოებული სამოქალაქო საქონლის უმეტესობის, ასევე ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, სირიაში მიწოდება სპეციალური ლიცენზიის გარეშე იქნება შესაძლებელი.
სანქციების შემსუბუქება სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე გამოცხადდა, რა დროსაც აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპს შეხვდა
ეს სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია შეერთებულ შტატებში.
Reuters-ის ცნობით, ამ მომენტისთვის, სირიისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.