აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ბუდაპეშტის მტკიცება, რომ უნგრეთი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლდა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე აშშ-ის სანქციებისგან. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით უთანხმოება უნგრეთის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ წარმოიშვა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები სრული წარმატებით შედგა.
„პრემიერ-მინისტრმა [ვიქტორ ორბანმა] ნათლად განაცხადა: ის დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ჩვენ სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლება მივიღეთ", - დაწერა მან.
თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-თან ინტერვიუში უარყო ეს განცხადებები და განმარტა, რომ გამონაკლისი „მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში“ იმოქმედებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ბუდაპეშტის ვალდებულებას, დივერსიფიცირება გაუკეთოს ენერგოშესყიდვებს, კერძოდ, შეიტანოს ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი დოლარია.
ორბანისა და ტრამპის შეხევდრა პარასკევს ვაშინგტონში გაიმართა. ლიდერებმა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სანქციების პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 15 წელზე მეტია იმყოფება და შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება, განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმება „უნგრეთის ეკონომიკას ენერგეტიკული კრიზისისგან დაიცავს“.
შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონში გამოსვლისას ორბანმა ასევე განაცხადა, რომ სანქციებისგან გათავისუფლება ეხება „თურქული ნაკადის“ გაზსადენისა და „დრუჟბას“ ნავთობსადენით ენერგიის იმპორტს.