თბილისის საქალაქო სასამართლოში ფერმწერ ლევან მარგიანის პროცესი გაიმართა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ის სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვას ედავებოდა.
ლევან მარგიანის განცხადებით, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო, ის უბრალოდ გადავიდა ქუჩაზე, შემდეგ კი ტროტუარზე იდგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.