უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვერ დაბლოკავს უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მცდელობებზე, ხელი შეეშალა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„ვერავინ შეძლებს ამის დაბლოკვას, რადგან ეს ჩვენი ხალხის ნებაა. და ეს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებაა. ეს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებაა. და, რა თქმა უნდა, ეს ევროპის გადაწყვეტილებაა, მომავალში უკრაინა ევროკავშირის წევრად იხილოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვან გადაწყვეტილებაზე.
ჩვენ პრობლემები გვაქვს უნგრეთთან. ამაზე ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ვიქტორ ორბანს არჩევნები აქვს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ჭკვიანური არ არის, რადგან მას არჩევნები აქვს და სწორედ ამიტომ უკეტავს ის 40-მილიონიან ქვეყნას გზას ევროკავშირისკენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, რადგან რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინელების ნებისა და არჩევანის გამო.
„იმიტომ, რომ ჩვენ იგივე და საერთო ღირებულებები გვაქვს ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასთან“, - დასძინა ზელენსკიმ.