დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციის შექმნის საფრთხეზე ძალიან ღელავს ცივილიზებული სამყარო/
“დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით,რომელზეც დიდი ხნის მანძილზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები და ქვეყანაში შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ხდება ამ მექანიზმის ამოქმედებისკენ მოწოდების გაკეთება და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციის შექმნის საფრთხეზე ძალიან ღელავს ცივილიზებული სამყარო და იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს, რომ მხარში დაუდგნენ კონკრეტული ნაბიჯებით ქართველ ხალხს და საქართველო დააბრუნონ ევროპული ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.