ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი სავსეა ტყუილებით. რამე თუ აქვთ სალაპარაკო, რეზოლუციებით და განცხადებით ლაპარაკის ნაცვლად, ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ამის იქით ყველაფერი ჭორაობაა.
„ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც ამჯერად ევროსაბჭოს ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, საუბარი გვაქვს ისევ იმ პირებზე, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჩართული იყვნენ იმ სპეცოპერაციაში, რაც ქართულ სახელმწიფოს მოუწყვეს არჩევნებთან და არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს პირები – ზინგერისები, ბულაები და ასე შემდეგ, არიან დაინტერესებული, არ მოხდეს ის პროცესები, რაც დღეს სახელმწიფოში მიმდინარეობს – გარდაქმნა, გაჯანსაღება და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, მისი წარმომადგენლების პოლიტიკური სივრციდან გარიყვა კონსტიტუციური პროცესის გზით. აქ სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცესია. საკუთარ ქვეყანაში რა პროცესებიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, იმაზე მაღალი სტანდარტით იქნება საკონსტიტუციო პროცესი და ამ გზით მოხდება მათი პოლიტიკური სივრციდან გაწევა. წავიკითხე რეზოლუციის პროექტი, რომელიც სავსეა ტყუილებით. მათი ქცევა გაფუჭებული ტელეფონით თამაშს ჰგავს. ერთი რომ მეორეს ეტყვის, მეორე – მესამეს, მესამე მეოთხეს და ერთმანეთისგან სრულიად სხვა რეალობამდე მივდივართ. რამე თუ აქვთ სალაპარაკო, რეზოლუციებით და განცხადებით ლაპარაკის ნაცვლად, ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. რაიმე არგუმენტი თუ აქვთ, წარმოადგინონ. რაიმე სათქმელი თუ აქვთ – თქვან, იმის იქით ყველაფერი ჭორაობაა. სამწუხაროდ, მათ დღეს აქვთ ეს საპარლამენტო ბერკეტები, რომლებსაც იყენებენ, ეფარებიან ამ ბერკეტებს. ვინაიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით გესაუბრებიან, ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ეს სინამდვილეა. სინამდვილეში, ერთმა მილიონმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც რომ თქვას, მიკროფონი არის მანქანა, მიკროფონი მანქანა ვერ გახდება. ამიტომ, ამაზე საუბარს სჯობს, ჩამოვიდნენ და მოსახლეობას, ხელისუფლებას ესაუბრონ, პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს, რომელიც გვაქვს. მზად ვართ, მათ ლეგიტიმურ კითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამასთან, მახაშვილი გამოეხმაურა რეზოლუციის დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით არის საუბარი: „ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა“.
მახაშვილის შეფასებით, მუდმივად იქნება კარი ღია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მართლა აღელვებთ ქართული არჩევნები და სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სადამკვირვებლო პროცესში.
„წუხან და, შემიძლია, ცივი წყალი შევთავაზო. მათი არჩევანი იყო ეს. საპარლამენტო არჩევნების დროს მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ და ვნახეთ, რა იყო მათი რეალური ნაბიჯები. იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ სადამკვირვებლო ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკურ შტურმში, სპეცოპერაციაში იყვნენ ჩაბმული ქართული სახელმწიფოს და არჩევნების წინააღმდეგ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ ვწუხვარ მათ წუხილზე. მათ თავიანთი როლი აქვთ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. ჩვენი მუდმივად ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მართლა აღელვებთ ქართული არჩევნები და აქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ თუნდაც სადამკვირვებლო პროცესში. მათ, რომლებიც არჩევნებს ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად ხედავენ, თავიანთი იდეების განხორციელების საშუალებას ვერ მივცემთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გაავრცელა. რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ედიტე ესტრელა სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფიდან და საბინა ჩუდიჩი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან.