დიდი ბრიტანეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ და რადიკალურ პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ მოუწოდებს, მიიღოს იგი.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებაშია ნათქვამი.
„აშშ-ის ახალი ინიციატივა ღაზაში ომის დასრულების შესახებ მისასალმებელია და მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მისი ლიდერობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის მცდელობებს, დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, გაათავისუფლოს მძევლები და დაუყოვნებლივ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზის მოსახლეობას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დასასრულებლად და მის განსახორციელებლად.
„ჰამასი ახლა უნდა დაეთანხმოს გეგმას და დაასრულოს ტანჯვა, დადოს იარაღი და გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი მძევალი“, - განაცხადა სტარმერმა.
მან დასძინა, რომ ლონდონი, თავის პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს ღაზაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მისაღწევად.
შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი გეგმა“ წარადგინა.