პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული, - ასე უპასუხეს „იმედინიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს.
„იმედინიუსის“ შეკითხვაზე დააკავებენ თუ არა ანა წითლიძეს, სუს-ში განაცხადეს:
„არა, არ დავაკავებთ. ბრალდებული ხაბეიშვილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ახლა, ასეთი რამ ბევრმა შეიძლება გაიმეოროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა: "ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 200 ათასი დოლარი, რაც იყო დასახელებული და ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს, ვაორმაგებთ ამ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ".