ფაქტობრივად, ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, მაგალითად, პენსიის გაზრდა, იგივე ქრთამის მიცემაა - სიგიჟე, სიდებილე! – „ხაბე“, გაუძელ ძმაო!, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება.
„ლევან ხაბეიშვილი აი, ამ ინტერვიუს გამო დააკავეს. იგი საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალში საჯარო მოხელეებს პრემიას მისცემდა, თუ რეჟიმს გადაუდგებიან. ფაქტობრივად, ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, მაგალითად, პენსიის გაზრდა, იგივე ქრთამის მიცემაა. სიგიჟე, სიდებილე. მოკლედ: ყველა ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს საჯაროდ გთავაზობთ, რომ აუცილებლად მოგეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გამოექანეთ. კალაძემ იცის საიდან. "ხაბე" გაუძელ ძმაო,“ - წერს უგულავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. უწყების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.