ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიერ არის ინიცირებული.
გეგმის თანახმად, კიევის მოკავშირეები ვალდებული იქნებიან 24 საათის განმავლობაში მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში, - წერს Bloomberg.
ინიციატივას „ნატოს მსუბუქი“ უწოდეს, რადგან ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს იმეორებს, მაგრამ უკრაინის ნატო-ში ფაქტობრივ წევრობას არ ითვალისწინებს.
მელონის გეგმის თანახმად, ქვეყნებს, რომლებმაც კიევთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, ახალი თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად მოუწევთ თავიანთი ქმედებების კოორდინაცია.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინისთვის სწრაფი თავდაცვის დახმარების, ფინანსური მხარდაჭერის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებაა.
ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების პირდაპირ განლაგებას.
იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფონზე გაჟღერდა.
მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა გამორიცხა ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა და ამის ნაცვლად საჰაერო მხარდაჭერის შესაძლებლობა მოიყვანა.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო ფორმატი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია: „ან ნატო შეძლებს უკრაინის დაცვას, ან ცალკეული ქვეყნები აიღებენ ასეთ ვალდებულებებს. საუკეთესო მექანიზმი დროთა განმავლობაში შეირჩევა“, - თქვა მან.
მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა „ნატო-ს მე-5 მუხლის“ მოდელია, თუმცა ადაპტირებულია არსებულ პირობებთან.
მისივე თქმით, რომი ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის ხიდები ააგოს და ამავდროულად შეინარჩუნოს ერთიანობა კიევის მხარდაჭერაში.