უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქალაქ ბორისპოლში დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ძირითადად საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. ასევე საჭირო გახდა ევაკუაციაც.
"ბევრ ქალაქსა და დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე გასული ღამიდან მიმდინარეობს. მხოლოდ კიევსა და მის რეგიონში სამაშველო სამუშაოებში თითქმის 350 მაშველი მონაწილეობს.
თავდასხმისას დიდი რაოდენობით რეაქტიული დრონები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. სამწუხაროდ, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ბორისპოლში ჩვეულებრივი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.
თავდასხმის სამიზნე ბიზნესობიექტებიც გახდა. ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
წუხანდელი საღამოდან ოდესასა და ოლქზე მართვადი საავიაციო ბომბებითა და დრონებით დარტყმები გაგრძელდა. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს.
რუსეთთან რუმინეთის საზღვარზე სასაზღვრო გადასასვლელიც მიზანმიმართულად დაზიანდა, ასევე დაზიანდა საექსპორტო ინფრასტრუქტურა.
კიევში სარკინიგზო დეპოზე განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმა განხორციელდა ასევე ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკივის, ჩერნიჰივის, ჟიტომირის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე.
საერთო ჯამში, თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ინდოეთის მოქალაქე, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა.
რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები საკმარისი არ არის.
მადლობელი ვარ ყველას, ვინც PURL-ის მექანიზმისა და ორმხრივი მიწოდებების ფარგლებში უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვის შესაძლებლობების მიღებას ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემოდგომაზე ასეთი მიწოდებები გაიზარდოს.
რუსული ტერორის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული დახმარების თითოეულ ახალ პაკეტზე.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გაძლიერებასა და გამძლეობის გაზრდაში გვეხმარება", - წერს ზელენსკი.