1-ელი სექტემბრის ღამეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შეიჭრა ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლო საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება თავდაპირველად ლაენემისა და იდა-ვირუს ოლქების მოსახლეობას გაუგზავნეს, მოგვიანებით კი განგაში კიდევ ექვს ოლქში გამოცხადდა.
ამის შესახებ ესტონური მედია წერს.
სამხედროების ინფორმაციით, ესტონეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შეიჭრა. მათი აღმოჩენისა და ძებნის მიზნით ჰაერში თურქული გამანადგურებლები აწიეს, რომლებიც ნატო-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.
ესტონეთის თავდაცვის ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა უკუ აროლდმა განაცხადა, რომ სამხედროებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ესტონეთისა და ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია.
„აღმოჩენილი იყო დრონები, რომლებიც ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვრის, ასევე ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის პარალელურად გადაადგილდებოდნენ და ესტონეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ამიტომ განგაშიც გამოვაცხადეთ“, - განაცხადა აროლდმა.
საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 6 საათზე გაუქმდა.