სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები ზუსტად იმავე ხელიდან იმართებიან, რომელ ხელიდანაც იმართებიან ის ბიუროკრატები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებენ განცხადებებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ აშშ-ში, როდესაც ტრამპი მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც მიიღო აღმასრულებელი ბრძანებების სახით, არის სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. მაშინ ადგნენ ეს „ბიუროკრატები“, „დემოკრატიის დამცველები“, რეალურად კი, პირიქით, თანამედროვე ბოლშევიკებად ქცეულები, წავიდნენ და პრეტენზიები განაცხადონ დონალდ ტრამპთან, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებენ. ვერ გააკეთებენ, რადგან აშშ ძლიერი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკურად, ასევე არაეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ვიღაცას საქართველო დაბალი ღობე ჰგონია, რომ შეუძლია, თითი დაუქნიოს ქართველს, შეუძლია, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველის შეგნებას, ქართველის იდენტობას, მაგრამ კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე საქართველოზე განცხადებას გააკეთებენ. ეს მათივე ნათქვამები საკუთარ თავზე უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე ახდენდეს რაიმე ზეგავლენას საქართველოზე. ამიტომაც არის, რომ, მათივე დაკვეთილი კვლევებითაც კი, ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა უფრო იკლებს, საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელიც არის ერთადერთი ძალა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, როგორც გორდულძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და, ზოგადად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და, ზოგადად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ. ის უსამართლობის ურემი, რომლის ჩამოტარებასაც ცდილობენ საქართველოს მიმართ, აუცილებლად მივა ამ ქვეყნებთანაც. ზუსტად ასევე, იმავე პრინციპებით, ასე უსამართლოდ და უსაფუძლოდ ამ ქვეყნებსაც მოსთხოვენ იმ დავალების შესრულებას, იმ საკანონმდებლო სივრცის ცვლილებას, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითისთვის“ ხელსაყრელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.