პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას რუსეთის დავალებით დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
მისი თქმით, ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არიან საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია.
ტუსკის განმარტებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები „გასაგები მიზეზებით“ უფრო მოწყვლადი არიან რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან გადაბირებისადმი. ტუსკმა ასევე მიუთითა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ პრობლემებზე“ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხი, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს“.
„როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.