„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ.
„სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მზადაა ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთი არგუმენტიც არ მოგვისმენია. გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.
ეს არის ზეწოლა და შანტაჟისთვის იყენებენ ვიზალიბერალიზაციის თემას…. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, ეს ქართველი ხალხის დასჯა იქნება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი.
დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არა გარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას გაუხარდება, თუ ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნება, რომ დასასვენებლად წავიდეს ხალხი და არა სამუშაოდ.
„როდესაც ვიზის გარეშე შეგიძლია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი წავა, უფრო განვითარებულები არიან, თუ საქართველოს შევადარებთ. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე, ჩვენი მიზანია დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპულ ეკონომიკას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. თუ მშვიდობა არ გვექნება ეკონომიკური განვითარება არ გვექნება. გამიხარდება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, ისეთი პირობები შევუქმნათ ქვეყანაში, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს, რომ დასვენებისთვის წავიდეს და არა სამუშაოდ“-აღნიშნა კალაძემ.