„რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.
ელჩი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, ის არ გააკეთება კომენტარს დახურულ დიპლომატიურ კორესპონდენციაზე ან საუბრებზე, თუმცა თქვა: „მაგრამ ვინაიდან მთავრობამ გადაწყვიტა ეს გააკეთოს, რამდენიმე მონაცემს მოვიყვან“.
რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს:
„[რათა] დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის“, - განაცხადა ელჩმა.
„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას“, - ამბობს იგი.
„სამი დღის შემდეგ - და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“, - აცხადებს ელჩი დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილისგამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, - თქვა ელჩმა.
ის ასევე ამბობს, თუ როგორ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო:
„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, - თქვა ელჩმა.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა ელჩმა.
„რადიო თავისუფლების“ სრული ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან ხვალ, 7 ივლისს გამოქვეყნდება.