Amnesty International-მა საქართველოში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით გლობალური კამპანია დაიწყო.
"მოითხოვე პოლიციის ძალადობის შეწყვეტა და გამოძიება, რათა დაუსჯელობა დასრულდეს. მოუწოდე საქართველოს გენერალურ პროკურორს, უზრუნველყოს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა დროულად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად არის გამოძიებული, ხოლო ეჭვმიტანილები პასუხს აგებენ და მსხვერპლთათვის სამართლიანობა აღდგება და სათანადო კომპენსაციას მიიღებენ". - წერია პეტიციაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის აპარატის მონაცემებით, წამებისა და სასტიკი მოპყრობის 240 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია. განცხადების თანახმად, ის, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები პასუხისგებაში არ მიცემულან, დაუსჯელობას ახალისებს და საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.
"საქართველოს მოსახლეობა რეპრესიულ კანონებსა და მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას უწყვეტად აპროტესტებს. ხელისუფლება ამ პროტესტებს ძალადობრივად ახშობს, არის ცნობები ასობით დემონსტრანტის წამებისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის შესახებ. საქართველოს მთავრობამ ეს ადამიანის უფლებების დარღვევები უნდა გამოიძიოს, პოლიციელებს კი მათი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგებინოს და სამომავლო დარღვევები უნდა აღმოფხვრას.
როდესაც გლობალურ მედიაში ქართული პროტესტების გაშუქება შეწყდა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მკაცრი ზომებით დარბევა გააძლიერეს, არაპროპორციულ ძალას, გადაჭარბებულ ბრალდებებს, წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობასა და გენდერული ნიშნით ძალადობას მიმართეს. მართალია, სახალხო დამცველის აპარატმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დაახლოებით 240 შემთხვევა აღრიცხა, რომელთაგან 85-ს მსხვერპლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა, რიცხვები, სავარაუდოდ, უფრო მაღალია. ქალი დემონსტრანტები, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიას წინააღმდეგობას უწევენ, გამბედაობის სიმბოლოდ იქცნენ, თუმცა ასევე დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეს წარმოადგენენ, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, დღემდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.
ის, რომ ამ დარღვევებისთვის სამართალდამცავებს პასუხი არ უგიათ, დაუსჯელობას ახალისებს და საქართველოს კონსტიტუციასა და მის საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ქართველი ხალხი სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლება იმოქმედოს. საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარობით გვერდით უნდა დაუდგეს და პროტესტის უფლების დაცვაში დაეხმაროს!" - წერია განცხადებაში