ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის წარმატებული სამხედრო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ უნდა დაამყაროს მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მომავალი საჰაერო დარტყმები „ბევრად უფრო მასშტაბური“ იქნება.ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლშო გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული ობიექტების მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა იყო. მისი თქმით, ეს ობიექტები „სრულად და შეუქცევადად განადგურდა“.
ამავდროულად, მან მკაფიოდ გააფრთხილა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, შეერთებული შტატები კიდევ უფრო მასშტაბურ დარტყმებს განახორციელებს სხვა სტრატეგიულ სამიზნეებზე.
„დღეს მე შემიძლია, ვაცნობო მსოფლიოს, რომ დარტყმები იყო სანახაობრივი სამხედრო წარმატება. ირანის ურანის ბირთვული გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია. ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელმა ირანმა, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი დარტყმები იქნება ბევრად მასშტაბური და უფრო მარტივი…
ირანისთვის ან მშვიდობა იქნება, ან ტრაგედია - გაცილებით დიდი, ვიდრე ის, რაც ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა დარჩენილი. დღევანდელზე ყველაზე რთული და, შესაძლოა, ყველაზე მომაკვდინებელიც. მაგრამ თუ მშვიდობა სწრაფად არ დამყარდება, ჩვენ სხვა სამიზნეებს სიზუსტით, სისწრაფითა და ოსტატურად გავანადგურებთ. მათი უმეტესობა რამდენიმე წუთში შეიძლება განადგურდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ირანის დიდი ხნის აგრესიული რიტორიკა.
„40 წელია ირანი გაჰყვირის: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, გზისპირა ბომბებით ხელებსა და ფეხებს აგლიჯდნენ. ეს მათი სპეციალობა იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე შეაქო კოორდინაციული ქმედება ისრაელთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის სამხედროებთან, რომლებმაც, ტრამპის თქმით, „მშვენიერი სამუშაო“ შეასრულეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს. ჩვენ გუნდურად ვიმუშავეთ, როგორც შესაძლოა არცერთ გუნდს აქამდე არ უმუშავია. და ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ისრაელისთვის ამ საშინელი საფრთხის აღმოსაფხვრელად. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს მათ მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის.“