მედიის ცნობით, ბელარუსში აშშ-ის დახმარებით გათავისუფლებულ 14 პატიმარს შორის პოლონეთის სამი მოქალაქე, ლატვიის ორი მოქალაქე, ესტონეთის ერთი მოქალაქე, შვედეთის ერთი მოქალაქე, აშშ-ის ერთი მოქალაქე და იაპონიის ორი მოქალაქეა.
გათავისუფლებული 14 პირიდან სამი პოლონეთის მოქალაქე იყო, რომელთა გათავისუფლებასაც აქტიურად უჭერდა მხარს პოლონეთის ხელისუფლება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა ვილნიუსში, აშშ-ის საელჩოში პატიმრების გადაყვანაში
„მადლობას ვუხდით ტრამპის ადმინისტრაციას მისი ძალისხმევისთვის და პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯი დუდას მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, გენერალ კიტ კელოგის, ჯონ კოულის და კრის სმიტის მინსკში ვიზიტი პირველი ნაბიჯი იქნება სხვა პოლონელი პატიმრების, მათ შორის ანჯეი პოჩობუტის, გათავისუფლებისკენ,“ - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგისა და მისი გუნდის წყალობით, ესტონეთის მოქალაქე ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს და სახლში ბრუნდება.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა დონალდ ტრამპს ორი ლატვიელი მოქალაქის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.
ლუკაშენკას პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა განაცხადა, რომ 14 გათავისუფლებულ პატიმარს შორის, ბელარუსების გარდა, არიან იაპონიის 2 მოქალაქე, პოლონეთის 3 მოქალაქე, ლატვიის 2 მოქალაქე, ასევე ესტონეთის, შვედეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.
„ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა,“ - თქვა მან.
ეისმონტის თქმით, სერგეი ტიხანოვსკი გაათავისუფლეს „ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ოჯახის გაერთიანების მიზნით“.
შეგახსენებთ, ბელარუსში სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი ციხიდან დღეს გაათავისუფლეს.