UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, საქართველოშია. მას თბილისში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ბედნიერი ვარ, რომ ქამარი დავიცავი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე. მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე. მითხრა, რომ კარგი ბრძოლა იყო და ჩემი ბრძოლა მოეწონა“, – განაცხადა დვალიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ერთი კვირით დარჩება.
„ისევ ყველა ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. რაც შეეხება საქართველოში გეგმებს, ახლა ერთი კვირით ვარ ჩამოსული, ჩამოვიყვანე სტუმრები. რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეოს გადაღება მინდა, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ჩვენი სილამაზე, სუფრა, ტრადიციები, ჩვენი ქვეყნის სილამაზე“,-განაცხადა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.