მილიარდერი ილონ მასკი, და სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აპრილში, თეთრ სახლში გამართული კამათის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იუწყება The Washington Post.
დაპირისპირების დეტალები ტრამპის მრჩეველმა, სტივენ ბენონმა გაამხილა.
მისი თქმით, დაპირისპირების ეპიზოდი აპრილში მოხდა, ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას განიხილავდნენ.
მასკსა და ბესენტს კანდიდატის შესახებ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ და ტრამპმა გადაწყვიტა, ბესენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა.
როდესაც ისინი ოვალური კაბინეტიდან გამოვიდნენ მასკმა და ბესენტმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დაიწყეს.
ბესენტმა მასკს შეახსენა, რომ მან ტრილიონი დოლარის არაეფექტური სამთავრობო ხარჯების გამოაშკარავების პირობა დადო, თუმცა ეს არ გააკეთა და მას „თაღლითი“ უწოდა.
შემდეგ მასკმა ბესენტს მკერდში მუშტი დაარტყა, „როგორც რაგბის მოთამაშეს“. ბესენტმა უპასუხა.
ამის შემდეგ, იქ მყოფმა პირებმა ისინი გააშველეს. საბოლოოდ მასკი თეთრი სახლის დასავლეთ ფრთიდან გაიყავნეს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ გაიგო და თქვა: „ეს უკვე მეტისმეტია“, - აღნიშნა ბენონმა.
ილონ მასკსა და დონალს ტრამპს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით".
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.