აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
"ამ რადიკალურ მემარცხენე პროტესტებს, რომლებიც ორგანიზებულია აგიტატორებისა და ხშირად დაქირავებული არეულობის მომწყობების მიერ, არ მოვითმენთ. ასევე, ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ??? კიდევ ერთხელ მადლობა ეროვნული გვარდიის წევრებს კარგად შესრულებული საქმისთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ორი ათასი გვარდიელის განთავსების შესახებ, რათა აღმოფხვრას უკანონობა კალიფორნიაში“, ვინაიდან შტატში გრძელდება დემონსტრაციები საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების წინააღმდეგ.
პროტესტი 7 ივნისს დაიწყო, როდესაც საიმიგრაციო აღსრულების სამსახურმა ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავა, რომლებიც მათი ინფორმაციით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
Reuters აღნიშნავს, რომ 7 ივნისს გავრცელებული ადგილობრივი ტელევიზიის კადრებში ჩანდა სამხედრო სატრანსპორტო მანქანების მსგავსი ავტომობილები, რომლებიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის აგენტებით იყო სავსე. გამოცემის მიხედვით, ავტომობილები ლოს-ანჯელესის ქუჩებში ICE-ის ოპერაციის ფარგლებში გადაადგილდებოდნენ.
7 და 8 ივნისს, საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის თანამშრომლებსა დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ რამდენიმე პირი დააკავეს.
მოგვიანებით, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქალაქ ლოს ანჯელესში დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა არეულობა გრძელდება პარამაუნტსა და კომპტონში.
ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა. კალიფორნიის გუბერნატორმა გააკრიტიკა.
„მთელ კალიფორნიაში მიმდინარე ქაოსური ფედერალური წმენდა თვითნებური დაკავებების კვოტის შესასრულებლად უგუნური და სასტიკია. დონალდ ტრამპის ქაოსი ძირს უთხრის ნდობას, აშორებს ოჯახის წევრებს და საფრთხეს უქმნის მუშებს და ინდუსტრიებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნულია კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსამის განცხადებაში.