ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრძოლის ველზე 70-ზე მეტი აფხაზეთის მოქალაქე დაიღუპა.
„დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ“, - აღნიშნა ბარციცმა.
მისი თქმით, საომარ ზონებში აფხაზეთიდან ჩასული მოხალისეები, ჟურნალისტები და ექთნები მუშაობენ. ბარციცის ინფორმაციით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა.
6 ივნისს, ოლეგ ბარციცი ე.წ. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რუსეთის ფედერაციას პირველად ეწვია; მოსკოვში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.