საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაეჭირათ პოლიტიკური ლიდერები.
„დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე „ქართული ოცნებისთვის“. ის, რაც მოაწყვეს: პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, არავის შეშვება, სხდომის პატარა დარბაზში გადატანა, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს იმისთვის, რომ ბოლოს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ზურა ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო. ამას სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის ერთი მხარე. მეორე მხრივ გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, მოღვაწეები, რომლებიც დღეს ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, შემდეგი ეტაპი არის ეს პოლიტიკურ ლიდერებს შეეხოს. საგამოძიებო კომისია ამ ყველაფრისთვის იყო შექმნილი, არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაული, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ ციხეში დაინახონ. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, არ იციან რეპრესიები სანამდე და საითკენ წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გვჭირდება გამძლეობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია - განაჩენი გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.