აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.
ამის შესაებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა,
„აი, რაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ... ამ კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. და ეს მოლაპარაკებების გზით უნდა დავასრულოთ. და ფუნდამენტური გამოწვევა, რომლის წინაშეც უკრაინაში ვდგავართ, შემდეგია: რუსეთს სურს მიიღოს ის, რაც არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს. უკრაინას კი სურს მიიღოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია“, - განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ რუსეთს შეერთებული შტატებისგან არანაირი დათმობა არ მიუღია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები და უკრაინისთვის დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციების მიწოდება გრძელდება.
„როდესაც ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით გაიღვიძა, ის იმავე სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ამ კონფლიქტის დაწყებიდან იყო დაწესებული და უკრაინა ჩვენგან და ჩვენი მოკავშირეებისგან კვლავ იღებდა იარაღს“, - თქვა რუბიომ.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს შემოიღებს. მან განმარტა, თუ ჯერ რატომ არ გააკეთა ეს აშშ-მა:
„შეიძლება საქმე აქამდე მივიდეს... პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ის სანქციებით მუქარას დაიწყებს, რუსები საუბარს შეწყვეტენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევძლოთ მათთან საუბარი და წავახალისოთ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ,“ - განაცხადა რუბიომ.