რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, უკრაინა უპირობო კაპიტულაციის გზას დაადგება.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით. და ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კიევის რეჟიმისთვის არსებობს სხვა გზაც, რომლის შესახებაც ასევე არაერთხელ ითქვა. ეს არის უპირობო კაპიტულაციისკენ მიმავალი გზა. მშვიდობის ასეთი ფორმულა საერთაშორისო სამართალშიც არსებობს. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს ის გაცილებით მეტად მოსწონს“, - თქვა მედვედევმა.
გარდა ამისა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინაში „არ არიან პირები, რომლებსაც აქვთ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება“.
მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებრუსეთის ფედერაციის პირობებს დათანხმდება.
გარდა ამისა, მედვედევმა თქვა, რომ „უკრაინასთან არსებულ ვითარებაში საჭიროა მშვიდობა და არა ზავი“.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციიდან“ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შეყვანის იდეის ინიციატორები, სავარაუდოდ, „მშვიდობიანი მიზნებისგან შორს არიან“.
„აქ, ამ ლამაზი სიტყვების მიღმა, იმალება არა მხოლოდ სურვილი, განხორციელდეს ექსპანსია და დამყარდეს საოკუპაციო რეჟიმი უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზე, არამედ საბოლოო ჯამში, ყველა მხარე ჩაითრიოს ახალ, გაცილებით მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში“, - განაცხადა მედვედევმა.