ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს, 26 მაისს, ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ვუწოდებ სასაკლაოს რადგან იქ რაც მოხდა, იმას ვერავინ წარმოიდგენდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.
„ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. ჩაკეტილი იყო, სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს. გასასვლელიც არ იყო დატოვებული. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ეს საშინელება, რომ, კი, მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ ხალხს გასაქცევი ჰქონდა და აქ არ ჰქონდა. რაღაც ჯგუფი მუშაობდა სახალხო კრების შექმნასთან დაკავშირებით, პატივცემული ადამიანები იყვნენ იმ ჯგუფში და ეძახით მათ, ვინც ცოცხლები არიან. ჩემთვის პატივი იყო იმ ადამიანების გვერდით დგომა. და ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით იდგა ყველა აქციაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობდით. როდესაც საკნების აქცია აიღეს, მაშინ დაწყნარდა სიტუაცია. ამ სადისტური რეჟიმის დროს, არ შეიძლებოდა, ჩუმად ყოფილიყო საქართველო და მუხტის ასამაღლებლად, შეიქმნა სახალხო კრება. ეს რომ არ მომხდარიყო, დღეს საქართველო შეიძლება არც ყოფილიყო.
არცერთ აქციაზე, რომელიც ჩვენ მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში, თუ თბილისში, ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით, ვყვებოდით იმას, რაც ხდება, უბედურებები, არ ჩამოვთვლი აქ, ყველა იმეორებს ერთსა და იმავეს – წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები უბრალოდ ადამიანების მოსმენისთვის, რომლებსაც გზაზე ხვდებოდნენ და იჭერდნენ. უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ვინც მოდიოდა, ხალხი მოდიოდა თავისი სურვილით, არ გვიმუშავია ნათესავებშიც კი, გინდა თუ არა ჩვენ გვერდით დამდგარიყო. მსგავსი არაფერი ხდებოდა, რადგან ეს დემოკრატიაა და ადამიანი თავისი სურვილით უნდა გამოვიდეს ასეთ აქციებზე. შეუძლებელია, სხვანაირად შეხედო ამას. მიუხედავად იმისა, მეგობრები იყვნენ, ნათესავები, თუ არა, რომლებიც საერთოდ არ მოსულან არცერთ აქციაზე, ამით არავითარი ურთიერთობები არ დარღვეულა. ეს მათი გადასაწყვეტი იყო. ზოგს ნერვები არ ჰქონდა, ზოგს შიშის გრძნობა ჰქონდა, ზოგს საერთოდ არ უნდოდა ჩარევა რაღაცაში. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.