რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ გაზრდილი ზეწოლის გარეშე რუსეთი ომის დასასრულებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
დღეს 54-ე დღეა, რაც რუსეთმა უგულებელყო ამერიკის წინადადებაც კი ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეიდან დაწყებული, და ის უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 30 დღე, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს, - განაცხადა ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცალმხრივად გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა 9 მაისს, გამარჯვების დღის აღნიშვნის დღეებში.
ზელენსკიმ ამ წინადადებას „მანიპულირება“ უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვში აღლუმის განმავლობაში ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, საომარი მოქმედებების სულ მცირე 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმებას უნდა დათანხმდნენ, როგორც ეს აშშ-მა მარტში შესთავაზა.